[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » მთავარი » ისტორია » ”ერთობილნი სვანნი” საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინ (დეკანოზი იოანე მარგიანი)
”ერთობილნი სვანნი” საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინ
SVANCHIKA თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 00:03 | წერილი # 1
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
”ერთობილნი სვანნი” საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ

დეკანოზი იოანე მარგიანი

დეკანოზი იოანე (ივანე მარგიანი) მიეკუთვნება ქართველ სასულიერო პირთა იმ სახელოვან პლეადას, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ღვთისმსახურების აღდგენისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინების საქმეში. სვანეთის სამღვდელოება (მამა გიორგი მარგიანი, მამა ლაზარე დადვანი, დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე, მამა გიორგი პირველი, დეკანოზი იოანე მარგიანი...) XIX ს-ის 60-70-იანი წლებიდან გაბრიელ ეპისკოპოსისა და ილია ჭავჭავაძის გვერდით აქტიურად იბრძვის ქართველი ერის ინტერესების დასაცავად.

ცხადია, სვანი სასულიერო პირები ძველთაგანვე ერისა და ქვეყნის სამსახურში იდგნენ. წერილობითი წყაროებით ცნობილია სვანეთში ან საქართველოს სხვა მხარეებსა თუ უცხოეთის ქართულ სამონასტრო კოლონიებში მოღვაწე სვანი სასულიერო პირებისა და მწიგნობრების სახელები (გ. გასვიანი, 1973; ვ. სილოგავა, 1986), რომლებიც სხვა მოღვაწეებთან ერთად ქმნიდნენ ზოგადქართულ კულტურას (ტ. ფუტკარაძე, 2005). ხოლო დღეს უკვე აღიარებული დაკვირვება, რომ ”ქრისტიანობა ქართველობის ტოლფასი კატეგორია იყო და ქრისტიანობაზე ზრუნვა ქართველობის შენარჩუნებისათვის ზრუნვას უდრიდა” (ა. ჯაფარიძე, 1999, გვ. 319) - ლაიტმოტივად გასდევს შუა საუკუნეების სვანეთში შექმნილ დოკუმენტებს. ამ საბუთებით (”დაწერილი ქვეყნის სამაგრობელი”, ”წიგნი და ნიშანი ხევის ერთპირობისა”, ”დაწერილი სვანეთის ერთობილი ხევის ერთობისა და გაუყრელობისა”...) მკაფიოდ იკვეთება სვანის ზოგადქართული მენტალობის უმთავრესი მახასიათებლები: ერთგულება დედა-სამშობლოსა და დედა-ეკლესიისადმი. პრინციპული დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფასეულობისადმი განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ხდება: დეცენტრალიზაციის დაწყებისა და ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაყოფის პროცესს სვანეთის საზოგადოება საოცარი მამულიშვილური მუხტით ანთებულ ლოცვას აგებებს: ”წმ. მთავარანგელოზო მუხერისაო... ადიდენ მეფენი ბაგრატონიანნი... და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სვანნი” - ვკითხულობთ XIV ს-ის ერთ-ერთ ხატზე. ხატის წარწერაში გაცხადებული ზნეობრივი კრედო სვანეთის ტრადიციული საზოგადოების მენტალობის მასაზრდოებელი წყაროა მთელი გვიანი შუა საუკუნეების მანძილზეც, XIX საუკუნეში კი ამ იდეის ამღორძინებლად სწორედ ზემოთ დასახელებული სასულიერო პირები გვევლინებიან და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დეკანოზ იოანეს (ივანე მარგიანს) უკავია.

ივანე მარგიანი 1872 წელს დაიბადა სვანეთში ცნობილი მღვდლის გიორგი მარგიანის ოჯახში. მამა გიორგი წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის ხელდასხმული იყო. ეს ოჯახი ქართული კულტურის კერასა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრს წარმოადგენდა ზემო სვანეთში. ივანე მარგიანი სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. მღვდლად კურთხევის შემდეგ მამა იოანე ქვემო სვანეთის ჩოლურის თემში განაწესეს, სადაც იგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მოგვიანებით ივანე მარგიანი ცაგერში გადაიყვანეს (”ბლაღოჩინის” ხარისხში) რაჭა-ლეჩხუმის სამღვდელოების დეკანოზად. ამავე დროს, დეკანოზი იოანე ცაგერის სკოლაში ქართულ, რუსულ ენებსა და ფიზიკას ასწავლიდა. 90-იანი წლებიდან ივანე მარგიანი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნული სულისკვეთების მქონე ქართულ პერიოდულ გამოცემებთან (”ივერია”, ”მოამბე”, ”ცნობის ფურცელი”, ”მოგზაური”, ”მწყემსი”...). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ივანე მარგიანის მეგობრობა და თანამშრომლობა გაზეთ ”შინაური საქმეების” გამომცემლებთან. იგი მღვდელ სვმონ მჭედლიძის მეგობარი და თანამოაზრე გახლდათ. ივანე მარგიანი ზოგიერთ წერილს სრულად აწერდა სახელსა და გვარს, ზოგსაც ფსევდონიმით აქვეყნებდა (”მუჟალელი”, ”სვანი მ-ნი”, ”ბლაღოჩინი მ-ნი” და ა. შ.) იგი ფხიზლად ადევნებდა თვალს საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას: მხარში ედგა ყოველ სასიკეთო წამოწყებას და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა ანტიქართულ და ანტირელიგიურ გამოხდომებს.

ბოლშევიკთაგან საქართველოს ოკუპირების შემდგომ, ივანე მარგიანს, ცხადია, ღვთისმსახურება აუკრძალეს. საოცარია, მაგრამ ივანე მარგიანი კომუნისტური რეჟიმის მძვინვარების ხანაშიც ახერხებდა ქვეყნისათვის სასიკეთო საქმის კეთებას: ეწეოდა ქართული ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, სათავეში ედგა ცაგერის განათლების განყოფილებას და ბარიტის წარმოებას.

1928 წელს კი ჩამოაყალიბა ზემო სვანეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, თავი მოუყარა და დაკარგვას გადაარჩინა უამრავი ძველქართული (სვანური) სიმღერა, მათ შორის, საეკლესიო საგალობლებიც. 1931 წელს ივანე მარგიანი დააპატიმრეს, რეპრესიების მთელი სიმძიმე იწვნია მისმა ოჯახმაც. ქვეყნის თავისუფლების დაკარგვითა და ღვთისმსახურების აკრძალვით გამოწვეულმა სევდამ ივანე მარგიანის ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. იგი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, 1933 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე (თ. ლეჟავა, 2006; ეთნოგრაფიული წერილები, 1973, გვ. 113-115). ივანე მარგიანის რამდენიმე ეთნოგრაფიული ხასიათის ნაშრომი 1973 წელს გამოაქვეყნეს გ. ავალიანმა და გ. ზურაბიანმა (ეთნოგრაფიული წერილები... 1973). ამ სასიქადულო მოღვაწისადმი მიძღვნილი წერილები გამოსცა მისმა შვილიშვილმა ბატონმა თამაზ ლეჟავამ (თ. ლეჟავა, 2006). ხოლო ამ სტატიის მიზანია სამეცნიერო და ფართო საზოგადოებრიობას გააცნოს ქვეყნის ერთ-ერთი მოჭირნახულე და ამაგდარი მოღვაწე - ივანე მარგიანი.

ი. მარგიანის მამულიშვილური პოზიცია მკვეთრად მოჩანს მის ერთ-ერთ პირველსავე პუბლიკაციაში: 1891 წელს ზემო სვანეთში სკოლა გაიხსნა, მაგრამ ამ სასიხარულო მოვლენას უარყოფითი დატვირთვაც ახლდა და ეს ფაქტი მყისვე გაახმაურა ივანე მარგიანმა: ”ქართულს არ ასწავლიან და ეს გარემოებაღა დაგვრჩენია სამწუხაროდ”-ო (მუჟალელი, 1891) ამ აზრს ივანე მარგიანი სხვა წერილებშიც ავითარებს. ”მოვიხსენიებ ხალხის აზრს ქართულის ენის შესახებ: ”ქართული ძლიერ საჭიროა ჩვენთვისო”, ამბობენ სვანები” (ეთნოგრაფიული წერილები, 1973, 127).

ივანე მარგიანის პუბლიკაციებში სამი ძირითადი მიმართულება იკვეთება:

1. სვანეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების უფლების მოპოვება და შენარჩუნება.

2. მტკიცება იმ უცილობელი ჭეშმარიტებისა, რომ სვანეთისათვის სწორედ ქართულია მშობლიური, სამწიგნობრო და საეკლესიო ენა.

3. ბრძოლა სვანეთის ეკლესიებსა და სკოლებში ღვთის სჯულის სლავურ გრაფიკას მორგებული სვანური სიტყვებით სწავლების წინააღმდეგ.

ივანე მარგიანი გეგმაზომიერად და მეთოდურად ავითარებდა ამ შეხედულებებს, საზრდოობდა რა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებებითა და ილია ჭავჭავაძის იდეებით. ილიას მკვლელობის შემდეგ კი იგი უერთდება მღვდელ სვიმონ მჭედლიძის მიერ დაარსებულ გაზეთ ”შინაური საქმეების” გარშემო დარაზმულ მოღვაწეებს. ცნობილია, რომ XX საუკუნის პირველი ათწლეული მეტად მძიმე პერიოდია საქართველოსათვის. ათეიზმით დაავადებული ქართველი საზოგადოების ნაწილი ქვეყანას შემდგომში თავსდატეხილი უბედურების მიზეზი ხდება. ასეთ მძიმე ვითარებაში სწორედ ”შინაური საქმეები” ყალიბდება დასავლეთ საქართველოს კულტურული ცხოვრების ცენტრად. სვიმონ მჭედლიძე და მისი თანამშრომლები აგრძელებენ ილიას გზას და მიზნად ისახავენ ”რწმენადაკარგული, დაბნეული და პარტიებად დაქსაქსული საზოგადოების სულიერსა და ზნეობრივ აღზრდას” (დ. მელიქიშვილი, 1998).

წერილში ”სვანეთი” ი. მარგიანი დაბეჯითებით ამტკიცებს: ”ჩვენი ფიქრით, სვანები ეკუთვნიან ქართველების ტომს. მართალია, ასეთის აზრის წარმოთქმას ზოგიერთნი აჩქარებად ჩამოგვართმევენ, მაგრამ... აზრს ვერ შეგვაცვლევინებენ” (ი. მარგიანი, 1973, 131).

ი. მარგიანის ამ სიტყვების მნიშვნელობის წარმოსაჩენად მოვიყვანთ ერთ მაგალითს, რომელიც იმჟამინდელი რუსიფიკატორი ისტორიოგრაფების დებულებების თვალსაჩინო ნიმუშია. მკვლევარ-მოგზაური ა. სტოიანოვი სვანებს არა მხოლოდ ცალკე ეთნოსად, არამედ არც მეტი, არც ნაკლები - მალოროსიელების და ზაპოროჟიელების შთამომავლებად მიიჩეევს (ა. სტოიანოვი, 1876). ა. სტოიანოვის ”დაკვირვებას” პამფლეტით პასუხობს ი. მარგიანი და აცამტვერებს რა რუსი მოგზაურის შორსმიმავალ იდეებს, იქვე გვთავაზობს სვანური კილოების მცირე ლექსიკონს. მასში თავმოყრილია XIX ს-ის II ნახევრის სალიტერატურო ქართულის იდენტური შესატყვისობები სვანურში. ყველა მათგანის ფუძე ქართულია და განსხვავება მხოლოდ თავსართ-ბოლოსართებში შეინიშნება (ი. მარგიანი, 1973; 181-193). ასევე, ი. მარგიანი ეხმიანება ქართული პრესის ინფორმაციას - ახალი ქართული ლექსიკონის შექმნის შესახებ. იგი ლექსიკოგრაფთა ყურადღებას მიაპყრობს სვანურ, მეგრულ კილოკავებსა და ლეჩხუმურ მეტყველებას, სადაც, მისი დაკვირვებით, ჯერ კიდევ შემონახულია სალიტერატურო ქართულში უკვე დაკარგული მრავალი ძირძველი ქართული სიტყვა, მათ შორის, სახარებისეული ტერმინებიც. ”თამამად ვიტყვი, რომ სვანური... უშრეტი სალაროა ძველებური ქართულის ენისა და საზოგადოდ ხალხური პოეზია და სასულიერო ენა სავსეა მარგალიტი სიტყვებით”. ბევრ სხვა სიტყვასთან ერთად ი. მარგიანს მოჰყავს შემდეგი მაგალითიც: ”სვანურად” ბინძურს ეძახიან ”წიდაარს” და ადარებს ამ სიტყვას სახარებისეულ ტერმინ ”წიდოვანს” (ი. მარგიანი, 1911ა).

უაღრესად მნიშვნელოვანია ი. მარგიანის კიდევ ერთი მოსაზრება. მან, როგორც სასულიერო პირმა, ბრწყინვალედ იცოდა ძველი ქართული სამწიგნობრო და საეკლესიო ენა, ცხადია, ერკვეოდა სვანურ კილოკავებში და ამიტომ სრულიად ადვილად პოულობდა მათი ერთიანობის დამადასტურებელ მრავალ მაგალითს. აქედან გამომდინარე, საგულისხმოა ი. მარგიანის შემდეგი დასკვნაც:
კილოკავებისა და ქართული ენის შედარება უნდა მოხდეს არა XIX ს-ის მიწურულის გამარტივებულ-გაღარიბებული სალიტერატურო ქართულის მიხედვით, არამედ ძველი ქართული ენის საფუძველზე. ამავე დროს, ი. მარგიანი ერთ-ერთი პირველთაგანია მათ შორის, ვინც ეჭვქვეშ დააყენა სვანური კილოკავების, როგორც ცალკე ენის, არსებობის საკითხი: ”სვანური ”ენა” (თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ), რომელიც პირველს გაგონებაზედ უცხო ენად ეჩვენება კაცს, თითქმის იგივე ქართული ენაა. სამი მეოთხედი სვანურის სიტყვების, ნამდვილად ქართული სიტყვებია... სვანურს სოფლებს უმეტეს ნაწილად ქართული სახელები ჰქვია. სვანური გვარები ხომ სულ ქართული გვარებია” (ი. მარგიანი, 1973; 131). ი. მარგიანს სხვა საგულისხმო არგუმენტიც მოჰყავს სვანების ქართველობის დასამტკიცებლად: ”რისთვის უნდა ეშენებიათ სვანეთში ქართველებს ამდენი აუარებელი ეკლესიები, ან რისთვის უნდა ეგზავნათ ამდენი სიმდიდრე, თუ კი არა სთვლიდნენ სვანებს თავის მონათესავე ხალხად?” (ი. მარგიანი, 1973, 132).

[img]http://www.chveneburebi.com/forum/index.php?act=attach&type=post&id=434[/img]

ი. მარგიანი ბედავს და შავრაზმელების მძვინვარების პერიოდში ხმამაღლა საუბრობს პოლიტიკურ კონიუნქტურაზე, პოლიტიკურ დაკვეთებზე: ”თუ რომელიმე მეცნიერი აქამდისინ ზერელედ უყურებდა ამ საკითხს და სვანებს შეცდომით თიშავდა ქართველებისაგან... დღეს ამ გვარი გარეწრობით ვერავის ვერ დაუბნელებს თვალებს... საზოგადოება... ყოველთვის აფასებდა... ამგვარ ვაჟბატონთა ”პოლიტიკანობა - გაიძვერობას” (ი. მარგიანი, 1911-ბ).

ი. მარგიანი, ბ. ნიჟარაძის მხარდამხარ, ილაშქრებდა სვანეთის ეკლესიებსა და სკოლებში სლავურ გრაფიკას მისადაგებული სვანური სიტყვებით საღვთო სჯულის გადმოცემის წინააღმდეგ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ი. მარგიანის ერთი პამფლეტი ”სვანური ენა და ახალი აშორდია” (ი. მარგიანი, 1911ბ). მასში მკითხველი ადვილად ამოიცნობს დიდი ილიას პუბლიცისტური სტილის მემკვიდრეს. ეს არის მიმართვა სვანეთის ბოქაულად ნამყოფი ა. წერეთლისადმი, რომელსაც სვანეთის სამღვდელოება ეგზარხოსთან დაუსმენია - ნაცვლად სვანურისა, მღვდელმსახურებას ქართულად ასრულებენო. საოცარი პათოსი გამოსჭვივის ი. მარგიანის პასუხში: ”ნუ სწუხდები, ბ. წერეთელო, ჩვენ გასაგებ ენაზედ ვადიდებთ ღმერთსა... ქართული ენა ჩვენთვის ღვიძლი ენაა, გასაგებიცა და საუკუნოებისაგან ნაკურთხიც”. ი. მარგიანსვე ეკუთვნის ასეთივე მძაფრი კრიტიკით გაჟღენთილი წერილი - ”სვანეთის ჭირისუფალს ბ. ლეონადოს”. ვინმე ლეონადოს, სოციალ-დემოკრატს, დაუსაბუთებელი ბრალდებები გამოუთქვამს სვანეთის სამღვდელოების მიმართ. ”რა უფლება გაქვთ უკიჟინოთ უმოქმედობა მათ, ვინც თქვენზე მეტს მოქმედობს და თქვენზე მეტს არგია ხალხს?“ - წერს ი. მარგიანი” (ი. მარგიანი, 1911დ).

ი. მარგიანის კალამს ეკუთვნის ასევე საყურადღებო წერილი `რა ენაზედ ადიდებდნენ და ადიდებენ სვანები ღმერთს” (ი. მარგიანი, 1904). `მათი ენა ნამდვილი ქართულია, მხოლოდ აქა-იქ შეცვლილი. იქ ღვთის დიდება ძველთაგანვე ქართულს ენაზედ სწარმოებდა და ეხლაც სწარმოებს. რომელ მათთვის უცხო ენას შეეძლო ქრისტიანობის დაცვა ამ მივარდნილს ქვეყანაში, თუ არა, ისევ ქართულსა, რომელიც სვანებს დედაენად მიაჩნიათ?!”.

აღსანიშნავია, რომ ი. მარგიანმა ერთ-ერთმა პირველმა წამოჭრა საკითხი სვანეთში საეკლესიო მუზეუმის შექმნის საჭიროების შესახებ. ”ვგონებ მართლაც არსად არ არის ამისთანა ქვეყანა, რომ სვანეთსავით მდიდარი იყოს ძველი ეკლესიებით, ხატებით და საეკლესიო წიგნებით... სასურველია, რომ სვანეთის ერთ-ერთს ეკლესიასთან დაარსდეს მუზეუმი - ძველი ნივთების შესანახი, რომლის დანიშნულება იქნება შეკრება - შენახვა საეკლესიო წიგნებისა და სხვა ძველი ნივთებისა, რომლებიც ეკლესიისათვის არ იქნებიან საჭირო” (ი. მარგიანი, 1901).

ი.მარგიანი ბევრს წერდა სვანეთის სამღვდელოების შეჭირვებული მატერიალური მდგომარეობის შესახებ (ი. მარგიანი, 1901). ილაშქრებდა სვანეთის ეპარქიის სოხუმის ეპარქიასთან შეერთების წინააღმდეგ (ი. მარგიანი, 1903). ამავე დროს ი. მარგიანი, აქტიურ ქველმოქმედადაც მოჩანს (შინაური საქმეები, 1910).

სრულიად ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა ი. მარგიანის ეთნოგრაფიული წერილები. სვანეთის ტრადიციული ყოფის ბრწყინვალე მცოდნე, ძირისძირობამდე სწვდება ყოველი სვანური საწესჩვეულებო რიტუალის (ხალხური საბურველით შემოსილის) ჭეშმარიტ ქრისტიანულ არსს. წარმოაჩენს სვანური ჩვეულებითი სამართლის იმ დანაშრევებს, რომლებიც ძველქართული ფეოდალური ხანის საერო და საეკლესიო კანონმდებლობის ძირითადი პოსტულატებითაა ნასაზრდოები. აღწერს მატერიალური ყოფის საგულისხმო ნიუანსებს. ხატოვნად გვისურათებს სვანეთის ყოფით კულტურას და ხშირად იუმორისტული პასაჟებითაც ალამაზებს სვანების მენტალობის ამა თუ იმ ნიშან-თვისებას. განსაკუთრებით გამოვყოფთ ერთ წერილს - ”ვინ იყვნენ ”პაპები” ანუ ”ბაპები?”, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის საქართველოს მთიანეთის კულტურის ისტორიით დაინტერესებული ვერცერთი მკვლევარი (ეთნოგრაფიული წერილები, 1973; 165-170). ამ წერილში აღწერილია სვანეთის მოკლე ისტორია და სამღვდელოების როლი ქრისტიანობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში. ”სვანების პაპების სასიქადულოდ ჩაითვლება, ის ამბავი, რომ მაჰმადიანობას არ გაამარჯვებინეს ქრისტიანობაზე” (ეთნოგრაფიული წერილები, 1973).

ი. მარგიანი დაწვრილებით აცნობდა მკითხველს ქვემო სვანეთის პრობლემატიკას, მაგალითად, ”ძლიერ საჭიროა სადადიანო სვანეთისათვის ნასწავლი მღვდლები (მეტადრე სვანთაგანი) და საეკლესიო სკოლები, რომლებისგანაც უნდა მოველოდეთ... ხსნას” (ი. მარგიანი, 1902).

ცალკე საუბრის თემაა ამ მრავალმხრივი მოღვაწის შემოქმედებითი ცხოვრების კიდევ ერთი პლასტი. ი. მარგიანი მწერალიც გახლდათ. ჯერჯერობით მის ორ მოთხრობას მივაკვლიეთ ”საშინელი დანაშაული” (ი. მარგიანი, 1911დ) და ”მაგის რა ბრალია?!” (ი. მარგიანი, 1911ე).

ამრიგად, ი. მარგიანს ღირსეული ადგილი უკავია XIX ს-ის მიწურულისა და XX ს-ის დასაწყისის ქართველ სასულიერო მოღვაწეთა შორის და უთუოდ, საჭიროა, მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვისაც გახდეს ცნობილი.

გამოყენებული ლიტერატურა:

გ. გასვიანი, 1973 - გ. გასვიანი, დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1973.
ეთნოგრაფიული წერილები, 1973 - ეთნოგრაფიული წერილები სვანეთზე, კრებული, თბ., 1973.
თ. ლეჟავა, 2006 - თ. ლეჟავა, ვინ იყო ივანე მარგიანი? `ჩვენი მწერლობა”, #12, 9 ივნისი. 2006.
ი. მარგიანი, 1901 - მღ. ი. მარგიანი, ”მწყემსი” #16, 1901.
ი. მარგიანი, 1902 - ი. მარგიანი, ”ცნობის ფურცელი”, 8 ივნისი, #1831, 1902.
ი. მარგიანი, 1903 - ი. მარგიანი, ”ცნობის ფურცელი”, 11 ოქტომბერი, #1950, 1903.
ი. მარგიანი, 1904 - ბ. მ-ნი, `რა ენაზედ ადიდებდნენ და ადიდებენ სვანები ღმერთსა”, `ივერია”, 4 თებერვალი, #28, 1904.
ი. მარგიანი, 1911-ა - ი. მარგიანი, ქართული ლექსიკონის შემუშავების შესახებ, `შინაური საქმეები”, #9, 1911.
ი. მარგიანი, 1911-ბ - ი. მარგიანი (სვანი), სვანური ენა და ახალი აშორდია, `შინაური საქმეები”, #25, 1911.
ი. მარგიანი, 1911-გ - ი. მარგიანი (სვანი) სვანეთის ჭირისუფალს, ბ. ლეონადოს, შინაური საქმეები, #12, 1911.
ი. მარგიანი, 1911-დ - ი. მარგიანი, საშინელი დანაშაული, `შინაური საქმეები”, #39, 1911.
ი. მარგიანი, 1911-ე - ი. მარგიანი, მაგის რა ბრალია?! `შინაური საქმეები”, 18-19, 1911.
დ. მელიქიშვილი, 1998 - დ. მელიქიშვილი, დასავლეთის ეპარქიის სარწმუნოებრივ-ზნეობრივი გაზეთი „`შინაური საქმეები”“ (1908-1916 წწ.) და „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა წმიდისა მთავარმოწამისა, ძლევამოსილისა, და საკვირველმოქმედისა გიორგისა“ - საქართველოს ეკლესიის ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები, თბ., 1998.
მუჟალელი, 1891 - მუჟალელი, `ივერია”, 25 სექტემბერი, #204, 1891.
ვ. სილოგავა, 1986 - ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები, ჳ, თბ., 1986.
სტოიანოვი, 1876 - А. Я. Стоянов, Путешествие по Сванетии, ЗКОИРГО, кн. Х, вып. 2, Тифл., 1876. стр. 269-279.
ტ. ფუტკარაძე, 2005 - ტ. ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი ჳ, ქუთაისი, 2005.
შინაური საქმეები, 1910 - შინაური საქმეები, #24, 1910.
ა.ჯაფარიძე, 1999 - მთავარეპისკოპოსი ა. ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტომი III, თბ; 1999.

სტატიი ავტორი: როზეტა გუჯეჯიანი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

წყარო: საიუბილეო სამეცნიერო კონფერენციის მასალათა კრებული

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო ცენტრი

იბეჭდება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრა 5 წლისაა

თბილისი - 2006






 
svanka თარიღი: ხუთშაბათი, 19.06.2008, 10:00 | წერილი # 2
მაიორი
სტატუსი: მოდერატორები
შეტყობინება: 81
რეიტინგი: 2
Замечания:  ±
wink magaria surprised

barcelona 4 ever da ushguli for ever
 
farchxuna თარიღი: შაბათი, 05.07.2008, 16:41 | წერილი # 3
რიგითი
სტატუსი: მომხმარებლები
შეტყობინება: 5
რეიტინგი: 0
Замечания:  ±
asetebi vart svanebi tanac margianebi
 
SVANCHIKA თარიღი: შაბათი, 05.07.2008, 17:52 | წერილი # 4
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
farchxuna,
margiani xar?





 
farchxuna თარიღი: კვირა, 06.07.2008, 12:30 | წერილი # 5
რიგითი
სტატუსი: მომხმარებლები
შეტყობინება: 5
რეიტინგი: 0
Замечания:  ±
farchxuna crazy roll roll biggrin tongue tongue tongue

Сообщение отредактировал farchxuna - კვირა, 06.07.2008, 12:31
 
SVANCHIKA თარიღი: კვირა, 06.07.2008, 12:48 | წერილი # 6
მთავარი ადმინი
სტატუსი: ადმინისტრატორები
შეტყობინება: 111
რეიტინგი: 1
Замечания:  ±
mitxari margiani xar?




 
ფორუმი » მთავარი » ისტორია » ”ერთობილნი სვანნი” საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინ (დეკანოზი იოანე მარგიანი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

საიტი შექმნილია uCoz სისტემაში